გენდერული სტერეოტიპები

გენდერული სტერეოტიპები
• გაბატონებული შეხედულება ქალისა და მამაკაცის მახასიათებლებისა და როლების შესახებ; ანუ, როგორი უნდა იყოს და როგორ უნდა იქცეოდეს ქალი ან მამაკაცი ამა, თუ იმ საზოგადოებაში.
Source: Internet publication
• ფსიქოლოგიური მახასიათებლები და ქცევა, რომელიც ამა თუ იმ საზოგადოებაში (ან კულტურაში) მოცემულ ისტორიულ პერიოდში ითვლება ერთი რომელიმე სქესისთვის მეტად დამახასიათებლად. ასე მაგალითად: „კაცები მეტად აგრესიულები არიან“ ან „კაცები უფრო ჭკვიანები არიან“, „ქალები ზედმეტად ემოციურები არიან“, „ქალებს არ შეუძლიათ მანქანის მართვა კარგად“ ან „კაცებმა ნამდვილი მეგობრობა იციან, ქალებს კი არ შეუძლიათ ნამდვილი მეგობრობა“ და ა.შ. სტერეოტიპები ხელს უწყობენ სქესობრივი როლების შეთვისებას და წარმოადგენენ სოციალიზაციის მოდელებს ბავშვებისთვის. გამოკვლევებმა აჩვენა, რომ არსებობს გენდერული სტერეორიპების მაღალი ხარისხით კროსკულტურული მსგავსება. აქედან გამომდინარე, კეთდება დასკვნა, რომ ფსიქოლოგიური მახასიათებლები, რომლებიც ქალისა თუ მამაკაცის სქესთან ასოცირდებიან, პანკულტურულ მოდელში ლაგდებიან. ხოლო სპეციფიკური კულტურული ფაქტორები აპირობებენ უმნიშვნელო გადახრებს ამ ზოგადი მოდელიდან. გენდერული სტერეოტიპების ფორმირების უილიამსის და ბესტის (Williams & Best) მოდელი ეფუძნება იმ მოსაზრებას, რომ ბიოლოგიურ განსხვავებებს (მაგ.: ქალი აჩენს შვილებს, კაცებს კი მეტი ფიზიკური ძალა აქვთ) მივყავართ შრომის ისეთ განაწილებამდე, რომლის დროსაც ქალებს აქვთ პასუხისმგებლობა ბავშვების აღზრდაზე და მოვლაზე, კაცებს კი – პასუხისმგებლობა ოჯახის უზრუნველყოფაზე და დაცვაზე. უილიამსი და ბესტი თვლიან, რომ გენდერული სტერეოტიპები ყალიბდებოდა, რათა უზრუნველეყოთ ასეთნაირად ჩამოყალიბებული შრომის განაწილების განმტკიცება. სტერეოტიპი გულისხმობს, რომ შესაბამისი სქესის წარმომადგენელს აქვს ან შეუძლია რომ განავითაროს მისთვის მიკუთვნებული როლის შესაბამისი თვისება. ერთხელ ჩამოყალიბებული სტერეორიპები სოციალიზაციის მოდელების ფუნქციას არსულებენ. ისინი აიძულებენ ბიჭებს იყვნენ უფრო დამოუკიდებლები და გაბედულები, ხოლო გოგონებს – მზრუნველები და კონტაქტურები. ამგვარად, გასაგები ხდება, რომ ადამიანები სხვადასხვა კულტურათა ფართო დიაპაზონის ფარგლებში მიდიან იქამდე, რომ მახასიათებლების ერთი ნაკრები ასოცირდება მამაკაცის სქესთან, ხოლო მეორე ნაკრები – ასოცირდება ქალთა სქესთან.
• ფსიქოლოგიური მახასიათებლები და ქცევა, რომელიც ითვლება ერთი რომელიმე სქესისთვის მეტად დამახასიათებლად (მაგ. „კაცები მეტად აგრესიულები არიან, ქალები კი მეტად ემოციურები“). სტერეოტიპები ხელს უწყობს სქესობრივი როლების შეთვისებას და წარმოადგენს სოციალიზაციის მოდელებს ბავშვებისთვის.
Source: წერეთელი მზია. გენდერი-კულტურული და სოციალური კონსტრუქტი: სალექციო კურსი სოც. მეცნ. მაგისტრატურისათვის / მზია წერეთელი ; [მთ. რედ.: მარინე ჩიტაშვილი, ენობრ. რედ.: ლია კაჭარავა] - თბ. : სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006

Georgian encyclopedia. 2013.


Поделиться ссылкой на выделенное

Прямая ссылка:
Нажмите правой клавишей мыши и выберите «Копировать ссылку»